პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინის დაპყრობას და კიევის ხელში ჩაგდებას - ბლინკენი

ვლადიმერ პუტინი ვერ დაიმორჩილებს უკრაინას და კიევი ვერ ჩავარდება რუსეთის ხელში, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. კითხვას, შეუძლია თუ არა აშშ-ს, დაჰპირდეს უკრაინას, რომ კიევი არასოდეს მოხვდება რუსეთის ხელში, ბლინკენმა უპასუხა: „ეს არასდროს მოხდება."

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ვაშინგტონი განიხილავდა კიევის "დაცემის" შესაძლებლობას. თუმცა, აშშ ახლა დარწმუნებულია, რომ ეს არ მოხდება.


„მაგრამ უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი წინააღმდეგობის და ასევე, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერის წყალობით, პუტინის სურვილი დაეპყრო მთელი ქვეყანა, წაშალოს იგი რუკიდან, გახადოს იგი დიდი რუსეთის ნაწილი, არ განხორციელებულა და ეს არც მოხდება,“ - აღნიშნა ბლინკენმა.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.