ივანე ჩხაიძე: საკმაოდ მოიმატა ბავშვებში ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვების ყივანახველით მომართვიანობამ მოიმატა.

მისივე თქმით, ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება.


„საკმაოდ მოიმატა, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად დამაკმაყოფილებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს, აქტიურია,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.