თეთრმა სახლმა „რამშტეინის“ ფორმატის NATO-ს კონტროლქვეშ გადაცემის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა

თეთრმა სახლმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის - რამშტეინის ფორმატის - NATO-ს ეგიდით შესაძლო ფუნქციონირების შესახებ კომენტარი გააკეთა. aმის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბის თქმით, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს ლიდერობას საკონტაქტო ჯგუფში და ვაშინგტონი აფასებს თითოეული მონაწილე ქვეყნის წვლილს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერაში შეაქვთ.


„საკონტაქტო ჯგუფი ძალიან, ძალიან ეფექტურია. ჩვენ გავაგრძელებთ მის ხელმძღვანელობას და მოწვევას," - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მან აღნიშნა, რომ ჯგუფის შეხვედრებში მონაწილე ქვეყნები "გაერთიანდნენ ამერიკის ხელმძღვანელობით, ეს არის ამერიკის ხელმძღვანელობა, რომელიც აერთიანებს მათ."

კირბიმ განაცხადა, რომ NATO თავიდანვე რჩება ამ პროცესის ნაწილად.


NATO უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის განმავლობაში წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს დაგეგმავენ. გამოცემის წყარო ამბობს, რომ ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას და შენატანების გადანაწილების მექანიზმს. წყაროები აღნიშნავენ, რომ წინადადება, დიდი ალბათობით, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.


პაკეტის ნაწილად, NATO-მ ასევე შეიძლება, თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინის” ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს.