ყირგიზეთის პრეზიდენტმა "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონს ხელი მოაწერა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა სამშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაფაროვის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი შექმნილია იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა უფრო გამჭვირვალე იყოს.


„კანონი, რომელიც 2012 წლის რუსეთის კანონის მსგავს დებულებებს და ენას იყენებს, დამატებით ანგარიშვალდებულებებს აწესებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც „პოლიტიკურ“ საქმიანობით არიან დაკავებულნი,“ წერს Reuters-ი.

უფლებადამცველი ორგანოები ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ და მას არასამთავრობოების შემზღუდავად მიიჩნევენ.


კანონპროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელისუფლებას უფრო დიდი დოზით ზედამხედველობის უფლებამოსილებებს ანიჭებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის სანქციებს ითვალისწინებს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თებერვალში გააფრთხილა ყირგიზეთი, რომ კანონპროექტის მიღება „უმეტესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებადამცველებსა და ყირგიზეთის მედიაზე.“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ კანონის მიღებით და რომ ის საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.


„ეს არის ყირგიზეთის მთავრობის ქმედებების უახლესი სერია, რომელმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას," - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი 14 მარტს მიიღო.