თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ, საფრანგეთმა შოიგუ ტყუილში დაადანაშაულა

საფრანგეთმა უარყო რუსეთის მტკიცება, რომ თითქოს, პარიზმა მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინაზე დიალოგის გამართვის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვისთვის.

„საფრანგეთმა, რუსეთის განცხადებების საპირისპიროდ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრისას არ გამოთქვა "დიალოგისთვის მზადყოფნა" უკრაინის ომის დასასრულებლად,“ წერს Reuters საფრანგეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით.


"ტყუილია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოგვიჩენია მზადყოფნა უკრაინაზე დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან რაიმე მსგავსისთვის,“ - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს.


რუსეთის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად შვეიცარიაში შეხვედრის გამართვის ნებისმიერი აზრი "უაზროა", თუ რუსეთი არ იქნება მონაწილე.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის მიმართ ბოლო პერიოდში უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა და პირობა დადო, რომ მოსკოვი აუცილებლად უნდა დამარცხდეს. მან არ გამორიცხა, რომ ევროპული ჯარები ერთ დღეს უკრაინაში წავიდნენ, თუმცა ნათლად განმარტა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წამოწყებას.

თავის მხრივ, რუსეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ შოიგუს თქმით, მაკრონის წინადადების ნებისმიერი „პრაქტიკული განხორციელება“ „საფრანგეთს პრობლემებს შეუქმნის.“

პარიზი თავის მხრივ, პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.