რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დღევანდელი შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის ძალებთან ერთად მოაწყო. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია სულ მცირე 6 საბრძოლო თვითმფრინავი და 8 დაზიანებულია.
უკრაინული მხარის თანახმად, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებული არიან სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი იყენებს ფრონტისპირა უკრაინული ქალაქების და უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების დასაბომბად.
უკრაინასთან მოსაზღვრე როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში ძლიერი აფეთქებები გამთენიისას მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის, პროპაგანდისტული რესურსები წერდნენ, რომ მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით როსტოვის ოლქში გაანადგურეს უკრაინის 44 უპილოტო საფრენი აპარატი.