ლიეტუვა უკრაინელი სამხედროებისთვის რეაბილიტაციის სპეციალურ პროგრამას იწყებს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს და ამ მიზნით დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ მან უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


სერიოზული მომზადების შემდეგ, დღეს ლიეტუვა იწყებს სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამას დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის,“ - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

"ჩვენ გამოვყოფთ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ამ პროგრამებისთვის სხვადასხვა წყაროდან და განვითარების პროგრამიდან. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სხვა დონორებიც შემოგვიერთდებიან," - დასძინა ლიეტუვის პრემიერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვა აპირებს, შეიძინოს დაახლოებით 3000 ადგილობრივი წარმოების დრონი უკრაინელი სამხედროებისთვის გადასაცემად. პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პარასკევს ლიეტუვაში იმყოფება.