პაპუაშვილი „აგენტების კანონზე“: ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების სურვილს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის. შესაბამისი კომნეტარი მან პარლამენტში გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ხელს ხომ არ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი ? ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ის, რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას.


მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი.

„ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, ეს არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნაც და კომპეტენციაც და მანდატიც არ აქვს. ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხმა, შეგვიძლია განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდანაა, ფაქტობრივად, მათ შორის, სხვადასხვა სახის, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ვიცოდეთ თუ რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც დგას ეს ყალბი კამპანია, ერთადერთი ხაზი აქვთ, ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არ მოდის არც ერთი საღი არგუმენტი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.