გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ქართველების ხმის მოსმენა.
ბერბოკი აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
„შეიძლება, თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი თავიანთი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რომელთაგან ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობებია. ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს. მას დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება თბილისის ქუჩებშიც ატარებს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიგონებს თუ არა იგი ამ ხმას,“ წერს ბერბოკი Instagram-ზე და თბილისის საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს.
თბილისში საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება.
11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“
ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა.
13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
-
ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს
-
სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.