კობახიძე: არ მომწონს ეს ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ხვალ, მესამე მოსმენით მიიღება. მისი თქმით, ცვლილებები ამ კანონპროექტში არ იგეგმება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ ირაკლი კობახიძის თქმით, “საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას.“


„ცვლილებები ჩვენი მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, თუმცა, ჩვენ ვთქვით, რომ ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე.


ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი, ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის,“ – განაცხადა კობახიძემ.


მან ასევე არასერიოზული უწოდა სანქციების თემას და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე ფაქტო სანქციები.“
 
კობახიძემ ასევე უპასუხა აქციების დროს მოქალაქეებზე თავდასხმების შესახებ შეკითხვებს. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ძალადობის გამო არავინ არის დაკავებული, რაზეც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ გამოძიებას დრო სჭირდება.

მისივე თქმით, სადაც არის სამართალდარღვევა, რეაგირება უნდა იყოს.
 
„რაც შეეხება ინციდენტებს, ეს არის სამწუხარო ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან,“ განაცხადა კობახიძემ.

 მანვე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ "ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან", ასევე, მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს "ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი ხარისხით" მოქმედებისთვის. მან „კმაყოფილება გამოხატა, რომ „მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ფაქტები იყო შემცირებული, რაზეც “ხელისუფლების გუშინდელმა მოწოდებებმა იმოქმედა.“

11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“

ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის.

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა.

13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ.


ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას.


პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.


რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.