დარსალია ჟენევაზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 60-ე რაუნდიც მოლაპარაკებების შეწყვეტით დასრულდა.

მისივე თქმით, მხარეებმა არამხოლოდ ფუნდამენტურ საკითხებზე, სხვა საკითხებზეც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.


„საკითხი როგორც კი მიდის დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას. ამჯერადაც იგივე განმეორდა. რუსეთის დელეგაცია არ იჩენს არც მოქნილობას და არც მზაობას, რათა განიხილოს ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება, 6-პუნქტიანი შეთანხმების ძირითადი პუნქტების შესრულება, ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ ფუნდამენტურ, სხვა საკითხებზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას.


მაგალითად, თუნდაც გალის შეხვედრების აღდგენის თემაზე კვლავ გრძელდება ვაჭრობა ამ საკითხით და პირობების წაყენება. მიუღებელია თავად პირობების წაყენება, რადგან მისი აღდგენა და მუშაობის პრინციპები გაწერილია. გრძელდება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებით ვაჭრობა. სამწუხაროა, რომ არის მცდელობა ეს თემები გამოყენებული იყოს როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი ქართულ მხარეზე. ეს რეალობა გრძელდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც აქვს ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს,“ – განაცხადა დარსალიამ.


ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.

მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.


გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).