ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა ორი ოფიცერი და საყვედური გამოუცხადა ორ მაღალი რანგის მეთაურს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გამოავლინა სერიოზული შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაღუპვა. გამოძიების დასკვნა 5 აპრილს გამოქვეყნდა, ისრაელის მიმართ მძაფრი კრიტიკის შემდეგ.
ამასთან, ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ახალ გზებს ხსნის. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, ერეცს, კვლავ გახსნის და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად სხვა ნაბიჯებსაც დგამს.
ისრაელის დრონებმა იერიში პირველ აპრილს მიიტანეს World Central Kitchens-ის სამ ავტომობილზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ შეცდომით იფიქრეს, რომ თავს ესხმოდნენ „ჰამასის“ (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) მებრძოლებს.
თეთრმა სახლმა 4 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იბრძოლებს ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის წინააღმდეგ და ამავე დროს შეიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორში.