სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს აკისრებს, ირანმა, შეკავების მიზნით, ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ისა და ისრაელის ობიექტებზე ირანის იერიში გარდაუვალია.
„ჩვენ ნამდვილად მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში ვართ,“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
CNN-ის ცნობით, ირანმა საპასუხო თავდასხმა შეიძლება მომდევნო კვირის ბოლომდე განახორციელოს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე მომხდარ სარაკეტო დარტყმაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა.