თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება," - ნათქვამია ინფორმაციაში.


თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება.

„აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ლაბუჩიძემ.