უკრაინა მზადაა, აშშ-სგან სამხედრო დახმარება კრედიტით მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ამერიკული დახმარება კრედიტით მიიღოს. ზელენსკიმ აშშ-ის სამხედრო დახმარებას "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" უწოდა და განმარტა რომ უკრაინა "სიტუაციის მძევალია."


„სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საკითხი შეერთებულ შტატებში საშინაო პოლიტიკურ საკითხად იქცა, თუმცა ეს არის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა რომ კიევს შესთავაზოს სამხედრო დახმარება „დღესვე კრედიტით“ ან „უფასოდ ერთი წლის შემდეგ“, ის პირველ ვარიანტს აირჩევს.

„უკრაინას რომ შესთავაზონ ყველაფრის კრედიტით მიცემა დღესვე ან უფასოდ ერთ წელიწადში, ვიტყოდით: „მხოლოდ დღესვე“. ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს - გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. ვცდილობთ ამის გაკეთებას სხვადასხვა გზით. მნიშვნელოვანია - რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.