ზელენსკი: აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ვუთხრათ, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ეცნობოს, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს.

მისი თქმით, დახმარების გარეშე უკრაინისთვის რთული იქნება გადარჩეს, როგორც ქვეყანა, მაგრამ თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს.


უკრაინის პრეზიდენტმა 6 აპრილს განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა არ შეუძლია. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ამერიკული Patriot-ის 25 სარაკეტო სისტემა, რათა დაიცვას თავი რუსეთის მასიური თავდასხმებისგან.

მანვე აღნიშნა, რომ „ცის დახურვა“ განსაკუთრებით აუცილებელია ხარკოვში, რომელსაც რუსი სამხედროები ყოველდღიურად ბომბავენ.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.