"მე ვიწვევ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, გააძლიერონ ძალისხმევა გოგოების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის", - საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქალთა გაძლიერების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც USAID/PROLoG-ის მიერ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ფორუმის პირველ სესიაზე, თემით „მე ვიწვევ - დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს და მათ შორისაა, დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, სექსუალური შევიწროება და ქალთა მიმართ ძალადობა.
"შემთხვევითი ნამდვილად არ არის, როდესაც სახალხო დამცველი თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს აქვეყნებს, ჩვენ თანასწორობის შესახებ საუბარს ვიწყებთ ქალთა თანასწორუფლებიანობის თავით, რადგან თანასწორობის უფლების რეალიზაციის კუთხით, ქალები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს ქვეყანაში.
2020 წლის განმავლობაში სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებული მომართვიანობიდან ყველაზე მეტ ( 18%) შემთხვევაში ეს განცხადებები შეეხებოდა სქესის, გენდერის ნიშნით უთანასწორო მოპყრობას. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო სექსუალური შევიწროება.
მე ვიწვევ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, გააძლიერონ ძალისხმევა გოგოების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის. გადაუდებლად აუცილებელია დაიწყოს საკანონმდებლო რეფორმა, ასევე, გაიზარდოს ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების რაოდენობა, გაძლიერდეს სამართალდამცავ უწყების კადრების კვალიფიკაცია და ხელი შეეწყოს უწყებებს შორის დროულ და ეფექტურ კოორდინაციას; რათა არ მივიღოთ ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორიც ბავშვის თვითმკვლელობის ანდა 13 წლის ბავშვის მშობიარობის ფაქტია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფორუმზე გამოსვლისას.
ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებმა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა.