პრემიერ-მინისტრმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ საუბრისას განაცხადა რომ „შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, ამას ვეღარ შეძლებენ. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულად გამართულია.
„ბოლო საკითხი, რაზეც საზოგადოების ყურადღების გამახვილება მინდა, არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მე პირადად, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ, დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება, იყოს გამჭვირვალობა ცუდი.
გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ/ მან განაცხადა, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ანუ უშინაარსობა ჩვენი ოპონენტების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, წლიური დეკლარირებაა იმ ფინანსებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს აქვთ.
გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ,“ - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ის აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ.
„გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფაქტჩეკერი“ და „მითების დეტექტორი“, გვარებით რომ ვთქვათ - სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი. ეს ადამიანები თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს, ამის საშუალება აღარ აქვთ, თუმცა, სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც ამ დღეების განმავლობაში გაირკვა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის, ამ ცენზურას ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს. გაუმჭვირვალობა და ცენზურა ამ ადამიანებისთვის ევროპაა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები, რაც არის, თქვენ ძალიან კარგად იცით.
ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ღირებულებები, რომლებიც განმსაზღვრელი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ, როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება.
გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას.
„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
- დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება.
ასევე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „უცხოეთის აგენტების კანონპროექტის“ კვლავ ინიცირებით ღრმად შეშფოთებულია. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დამარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა,“ წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი.
ის აღნიშნავს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება.
„გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს,“ - წერს მერი ლოლერი.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი მისივე ანგარიშში მიუთითებს, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობის გაუქმების მიუხედავად, მისი ზეგავლენა არაერთხელ განიხილებოდა მისი ვიზიტის დროს.
ანგარიშის მიხედვით, უფლებამდაცველები საუბრობდნენ მზარდ დაუცველობაზე, რომელსაც გრძნობდნენ ამ კანონპროექტის შემოღების მცდელობის შემდეგ. ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს სახელმწიფომ განუცხადა, რომ „უცხოური აგენტის კანონი “აღარ იქნებოდა წარდგენილი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია