შავი ზღვის რეგიონში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები იწყება

რუმინეთის საზღვაო ძალები 8-21 აპრილს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას - „Sea Shield 24“ გამართავენ.

წვრთნები შავი ზღვის რეგიონს მოიცავს.


როგორც რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საქართველო NATO-ს 12 წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საზღვაო წვრთნებში Sea Shield 24, რომელიც რუმინეთში 8-21 აპრილს გაიმართება.


რუმინეთისა და საქართველოს გარდა წვრთნებში მონაწილეობენ ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, აშშ, თურქეთი და საფრანგეთი.


წვრთნები ჩატარდება შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე. მათში მონაწილეობას მიიღებს 2,2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 135 ერთეული სამხედრო ტექნიკა. სცენარი მოიცავს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, მდინარესა და ზღვაზე უკანონო ქმედებებთან ბრძოლას, გასაჭირში მყოფი გემებისთვის დახმარების გაწევას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მრავალეროვნული სწავლება Sea Shield პირველად 2015 წელს გაიმართა.