მინისტრი განმარტავს, როდის დაიწყება ფრენები თბილისის ახალი აეროპორტიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი რუსთავის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამასთან, მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს.


ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება, თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები.

„სივრცითი განვითარების კუთხით, ახალი ტერიტორია მოგვცემს შესაძლებლობას, მეტად განვითარდეს რუსთავი, რუსთავის მოსახლეობისთვის ახალი დასაქმების ადგილები ჩნდება. აეროპორტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს აქვს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი, თუ მომსახურება, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს, იქნება ეს ტექნოლოგიური, თუ რიგითი სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, ეს დამატებითი პლუსი იქნება. საბოლოოდ, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხითაც. გამარჯვებიდან რუსთავამდე მონაკვეთი გაივლის ახალი აეროპორტის ტერიტორიას,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.


მინისტრის თქმით, პროექტი იმდენად მიზანშეწონილია, რომ შეძლებენ დაფინანსების მოძიებას არასუვერენული არხებით, სუვერენული წნეხის გარეშე.

„ეს მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის პროექტია. სრული ორი ფაზა, მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე დაჯდება. როგორც შევაფასეთ, მათ შორის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი აქვს, ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება,“ - აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრის თქმით, ვარაუდობენ, რომ ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი ამოცანაა, 2025 წლის ბოლოს გვქონდეს სრულყოფილი გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი ვარაუდით, 3 წელი დასჭირდება, 2028 წლის ბოლოსთვის შევძლებთ გვქონდეს სრულყოფილი, თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა, რათა პირველი ფრენები განხორციელდეს. რაც შეეხება მართვას, ჩართული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველა გავრცელებული მოდელის ანალიზი შემოგვთავაზა. რამდენიმე ოფცია ცალსახად უპირატესია ჩვენს პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ კონტროლსა და მფლობელობას აეროპორტზე და შემოჰყავს მმართველი კომპანია, რომელსაც პროფესიონალური გამოცდილება გააჩნია,“ - აღნიშნა მინისტრმა.