საჯარო რეესტრმა პრორუსული პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი რეგისტრაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით არის გამოცემული.
პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი, გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.
რეესტრმა საკითხის შესწალის დროს რამდენიმე გარემოება გამოავლინა:
ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერდა წარდგენილ განცხადებას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე; სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას; სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებული იყო არაერთგვაროვნად; სარეგისტრაციოდ წარდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას; სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით, პარტიის წევრთა ყრილობა არ იყო განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ;
სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა.
„შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს და დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრამა პარტია გააუქმა,“ - განაცხადა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში.