საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 8 აპრილს, სატელეფონო საუბარი გამართეს.
ლიდერები უკრაინისთვის ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
„მხარეებმა განიხილეს მომავალი თვეების პრიორიტეტები, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაზრდა," - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
საუბრისას, ლიდერებმა ასევე განიხილეს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ევროკავშირის მოახლოებული სამიტი, რომელიც ბრიტანეთში გაიმართება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ კვირაში ეწვევა ვაშინგტონს და გეგმავს კონგრესის წევრების დარწმუნებას, რომ საბოლოოდ გამოყოს დაფინანსება უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.
კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.