ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.
სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.
კერძოდ, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), სასამართლლომ ასევე დაადგინა კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა.
სასამართლოს განმარტებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია როგორც „ბორდერიზაცია“.
„ის ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას,“ - აღნიშნულია პრესრელიზში.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან ცხინვალში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს, დააკავეს და/ან არასათანადოდ მოეპყრნენ ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, ოჯახები დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ აერჩიათთ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში სასწავლებლად.
„სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ინფორმაცია და საერთაშორისო მასალები, გონივრული ეჭვის მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების პატერნს ან სისტემას.
უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა არ არსებობა და ზომების ზოგადი გამოყენება ყველა პირის მიმართ ამტკიცებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო ასეთი პრაქტიკის მიმართ,“ - წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.