წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო

წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ამის შესახებ Reuters-ი კლიმატის ცვლილების ევროპულ სამსახურზე, Copernicus-ზე დაყრდნობით წერს.


ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 12 თვე ასევე ითვლება ყველაზე ცხელ პერიოდად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტამდე, საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,58 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1850-1900 წლების პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო ტემპერატურას.


„ასეთ ჩანაწერებზე დაკვირვება - თვიდან თვემდე - ნამდვილად გვაჩვენებს, რომ ჩვენი კლიმატი იცვლება, სწრაფად იცვლება,“ - განაცხადა Copernicus-ის დირექტორის მოადგილემ, სამანტა ბერჯესმა.


როგორც Reuters-ი წერს, 2023 წელი უკვე გახდა ყველაზე ცხელი წელი პლანეტაზე, კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია რეკორდული რაოდენობის ტყის ხანძრები ვენესუელაში და გვალვა სამხრეთ აფრიკაში.

Copernicus-ის მიხედვით, სიცხის მთავარი მიზეზი იყო ანთროპოგენური სათბურის გაზების გამოყოფა. კლიმატოლოგ ფრიდერიკა ოტოს თქმით, თუ ეს ემისიები არ შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ დათბობას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ გვალვებს, ხანძრებს, სიცხეს და კოკისპირულ წვიმებს.