„უცხოური აგენტების კანონპროექტი“ თბილისში „თავისუფლების მარშით“ გააპროტესტეს

თბილისში, დღეს, 9 აპრილს „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ „თავისუფლების მარშით“ გააპროტესტეს - კანონპროექტი, რომელსაც პროტესტის მონაწილეები რუსულს უწოდებენ.

აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე - „თავისუფლების მარში“ გაემართნენ. სამოქალაქო აქტივისტები, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას აპროტესტებენ.


საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!

ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ეს „თავისუფლების მარშის“ ლოზუნგებია.

დღევანდელი შეკრება სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან სრულდება.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.