ევროკავშირი, არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის მსგავსად, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს უკვე გამოეხმაურა და მთავრობას მოუწოდა, არ გამოიყენოს „გამჭვირვალობა“ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შესაზღუდად. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯები ბლოკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი „უცხოური აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ "ეს არის სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის" კონკრეტულად კი - ამერიკისთვის.
„განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული", ამბობს დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან.“
ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ერთხმად ამბობენ, რომ ეს („უცხოური აგენტების კანონპროექტი, რედ.) არაა ნაბიჯი, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.