განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება - სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი

შეერთებულ შტატებთან უვიზო რეჟიმის პროგრამაში ახლა 41 ქვეყანა მონაწილეობს და უმრავლესობა ევროკავშირის წევრია. პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებს, შეერთებულ შტატებში საქმიანი ან ტურისტული მიზნით, 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ორიენტირებულია იმ სფეროებზე, სადაც ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა შესაძლებელი.


„ვაჭრობის კუთხით, შეერთებული შტატები აფასებს მის ძლიერ ეკონომიკურ ურთიერთობას საქართველოსთან და აღნიშნავს, ამერიკული საქონლის საქართველოში იმპორტის გაღრმავებას, რაც 2023 წელთან შედარებით, თითქმის 34%-ით გაიზარდა.

ამ ურთიერთობას მხარს უჭერს ჩვენი ორმხრივი დისკუსიები, რომელსაც ატარებს შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭოში და სხვა პლატფორმებზე. ბევრი ქვეყანა არ არის ორიენტირებული სრული შეთანხმების მოლაპარაკებაზე, რადგან ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.


ამის ნაცვლად, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია, გავზარდოთ ვაჭრობა და თანამშრომლობა და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები, რაც ელჩ დანიგანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.


დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, 30 წელზე მეტი ხნის ახლო მეგობრობა აკავშირებს.

„ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მეტი მოგზაურობისა და ვაჭრობის წახალისებისთვის,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის წერილობით პასუხში კითხვაზე, რომლითაც „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს, გასული თვის მიწურულს მიმართა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკის ხმამ ჰკითხა, განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება და აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.


„შეერთებულ შტატებს, მთელ მსოფლიოში ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არ არიან უვიზო რეჟიმის პროგრამის ნაწილი. ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ სხვადასხვა მოთხოვნას იმისთვის, რომ იყოს უფლებამოსილი, ჩაერთოს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხში, რომელიც 29 მარტით თარიღდება.