აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას თეთრ სახლში უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს. აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო თანამშრომლობის პროექტები დაგეგმეს. თანამშრომლობა მოიცავს ალიანსის გაძლიერებას ჩინეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე აქცენტით.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ჩვენს ალიანსში, მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა,” - აღნიშნა ბაიდენმა დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ფოკუსირებული იყო ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ჩინეთის ქმედებებზე.
- ჩინეთის მზარდი საფრთხე სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში; ტაივანის (კუნძული, რომელსაც პეკინი საკუთარად მიიჩნევს) თვითმართველი სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის შეჩერება; ღაზის სექტორი; ომი უკრაინაში - ეს საკითხები განიხილეს ლიდერებმა.
Reuters-ი წერს, რომ ბაიდენმა იაპონიის ლიდერი, რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის დროს სწრაფი და მამაცი წინააღმდეგობისთვის, ასევე, სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის შეაქო.
„ჩვენ ნამდვილად გლობალური პარტნიორობა გვაქვს. ამისთვის მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერო. ჩვენი ქვეყნები ახლა უფრო გააღმავებენ თავდაცვით პარტნიორობას და მივიღებთ ისეთ ძლიერ ინდო-წყნარ ოკეანეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
თავის მხრივ, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია აშშ-სთან ერთად, მსოფლიო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
„როგორც გლობალური პარტნიორი, იაპონია შეუერთდება ამერიკელ მეგობრებს და ჩვენ ერთად გავუძღვებით გზას ინდო-წყნარი ოკეანისა და მსოფლიოს გამოწვევების დასაძლევად,“ – განაცხადა კიშიდამ.
„სტატუს კვოს შეცვლის ცალმხრივი მცდელობები - ძალით ან იძულებით, აბსოლუტურად მიუღებელია, სადაც არ უნდა იყოს ეს,“ - განაცხადა კიშიდამ. აშშ და იაპონია გააგრძელებენ რეაგირებას მსგავს ქმედებებზე, მათ შორის, ჩინეთის გამოწვევებზე, აღნიშნა მან.
- „რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ... დღეს უკრაინაა, ხვალ შეიძლება, იყოს აღმოსავლეთ აზია,“ - განაცხადა კიშიდამ.
ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ჩინეთთან კომუნიკაციის ღია ხაზებს და რომ აშშ-იაპონიის ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა. ის გასულ კვირას ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს.
როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ იაპონიას ექნება შეშფოთება იმის შესახებ, რომ თუ ტრამპი მეორე ვადით მოიგებს, შესაძლოა, ჩინეთთან შეთანხმების გზები ეძებოს, რამაც შეიძლება, რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს.
ერთობლივი სამხედრო სტრუქტურა
ბაიდენმა განმარტა, რომ მათი სამხედროები ითანამშრომლებენ ერთობლივ სარდლობის სტრუქტურასთან და ისინი ავსტრალიასთან ერთად განავითარებენ საჰაერო სარაკეტო თავდაცვის ახალ ქსელს. ორმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ იაპონელი ასტრონავტები მიიღებენ მონაწილეობას ნასას მისიებში მთვარეზე. საერთო ჯამში, აშშ-მ და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 70-მდე შეთანხმება გააფორმეს, მათ შორის არის ნაბიჯები იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სამეთაურო სტრუქტურის განახლებისკენ, რათა მათ უკეთ შეძლონ იაპონიის ძალებთან მუშაობა კრიზისის დროს.