საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს.
„დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება.
გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას.
„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
- დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.