ელჩი: რთული იქნება ევროკომისიისთვის, გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში

„ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში,“ - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზირების გარეშე.


„მე მესმის, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა, რომ ჯერ კიდევ უნდა იყოს დისკუსია, რომელიც რამდენიმე კვირის და შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გზა გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზირების გარეშე, რომლებიც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.


მისივე თქმით, ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური - ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი.


„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ყველა ინგრედიენტი არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწიოს და გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, 9-ვე ნაბიჯი უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა.

იგივე პროცესს გავივლით, რაც შარშან, გავივლით კონსულტაციას ყველასთან, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე, რა საკვირველია ვსაუბრობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში და ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი საქართველოში.


ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებთ, პროცესი დაჩქარდება და 9-ვე ნაბიჯზე დიდი პროგრესი მიიღწევა ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციის გაცემა და წევრმა სახელმწიფოებმა მიმდინარე წლის დეკემბერში შეძლონ, დაეთანხმონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსთან და ჩვენ ყველამ შევძლოთ, ვიზეიმოთ ეს მიმდინარე წლის დეკემბერში ისე, როგორც შარშან დეკემბერში ვიზეიმეთ, მაგრამ ეს მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია,“ - აღნიშნა ელჩმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა.


„ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა.


5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება.


ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.


როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.


პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება.