საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ელჩმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც არის ევროკავშირში.
„გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ, ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის,“ – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება.
გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას.
„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
- დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.