უკრაინის პარლამენტმა სამხედრო მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. მეორე მოსმენისთვის სახალხო დეპუტატებმა კანონპროექტის დოკუმენტში 4 269 ცვლილება შეიტანეს.

უკრაინის პარლამენტის წევრის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმდინარე წლის 7 თებერვალს მობილიზაციის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციის შესახებ დებულებებს ითვალისწინებდა, რომელიც მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა კანონპროექტიდან ამოიღო.


მობილიზაციის კანონპროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა 9 აპრილს დაამტკიცა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მობილიზაცია ყველაზე საკამათო საშინაო საკითხად იქცა. 2023 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა მოითხოვეს 450,000-500,000 ახალი წვევამდელი ჯარისკაცის მობილიზება. მოგვიანებით, სირსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად, ეს რიცხვი "მნიშვნელოვნად შემცირდა."