ლიეტუვამ უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემები და გენერატორები გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, გენერატორებსა და დასაკეც საწოლებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ლიეტუვაში ჩავიდა, სადაც ე.წ. სამი ზღვის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 10 აპრილს კიევს ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი ეწვია. მან უკრაინელ კოლეგასთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე სამხედრო დახმარების მიწოდების პრობლემები და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილეს.

„ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის, რომელიც იტანჯება რუსეთის სასტიკი აგრესიით,“ - აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


დღესვე, უკრაინამ და ლატვიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ყოველწლიურად ლატვია უკრაინას მშპ-ის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

„ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ლატვიის მადლობელი ვარ. ეს ზუსტად ის არის, რასაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ჩვენი ბრძოლა მოითხოვს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლატვია მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას კიბერთავდაცვისა და უპილოტო საფრენი ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმარება და ასევე, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს.