მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე, სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო.
ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისი.
გასულ სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.