„უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი მოვიპოვეთ,“ - შესაბამისი განცხადება ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ გააკეთა.
პაველის თქმით, ჩეხეთის მიზანია უკრაინას უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის.
„ანალოგიურს [ინიციატივას] ამუშავებენ ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა,“ - აღნიშნა პაველმა.
მისი თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას საჭიროებს, ვინაიდან ზაფხულის თვეებში რუსეთის შეტევას ელის. პაველმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეორეხარისხოვანია, საიდან იქნება საარტილერიო ჭურვები და ვინ დააფინანსებს მათ.