აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები გასული წლის აპრილში დაუწესა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, კი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა მოითხოვეს. გამოიღო თუ არა შედეგი ვაშინგტონის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა? როგორ აფასებს ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას და არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში სანქცირებულ მოსამართლეთა წრის გაფართოება? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.
მეთიუ მილერი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო. [ჩვენ მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
მეთიუ მილერი: მართლმსაჯულების სექტორი [საქართველოში] კვლავ საჭიროებს რეფორმას, ხოლო სასამართლოს სასამართლოს ეფექტიანი რეფორმა არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკავშირმა გამოყო სამოქმედოდ [საქართველოს] გაწევრიანების მისწრაფების დასაწინაურებლად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.
მეთიუ მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ არ განიხილავს 7031(C) პუნქტით მოსალოდნელ ან სამომავლო შეზღუდვებს. 7031(C) პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ ან კერძო საუბარში, უნდა გამოაცხადოს უცხოელი ოფიციალური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდვების დაწესება, რომლებზეც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ისინი მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან ჩართულნი.
დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყნებებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით.
მეთიუ მილერი: სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას გლობალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.