„ალტ-ინფოს“ ლიდერები ამბობენ, რომ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მათ პარტია აჩუქეს

ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მიმდებარედ გამართული აქციის დროს განაცხადა, რომ „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ თანამებრძოლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია „კონსერვატორული მოძრაობისთვის“ ეჩუქებინა.

საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილი იყო სანაპიროზე მიმავალი საავტომობილო გზა. იმავე სივრცეში ასობით პოლიციელი მუშაობდა, მათი ნაწილი იცავდა აქციაზე მომუშავე ჟურნალისტთა უსაფრთხოებას. აქციაზე პარტიის მხარდამჭერებმა და ლიდერებმა დაწვეს „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები და მაისურები.


პარტია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია. პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ პრო-რუსული ალტ-ინფოს „კონსერვატიული მოძრაობა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სწორედ „ქართული იდეის“ პარტიით გეგმავს. ლევან ჩაჩუა თავმჯდომარეა პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.


„ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. უღრმესი მადლობა მათ ქმედებისთვის. ამ პარტიას წინა არჩევნებზე მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ რეგისტრაციაც გავლილია, არაფერიც არ იქნება," - განაცხადა მახარაძემ.