სუნაკი: მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის უგუნურ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე.

ეს არის პირველი საერთაშორისო გამოხმაურება, რომელსაც CNN ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის უგუნურ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აპირებს ქაოსის დათესვას. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების, მათ შორის, იორდანისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, სასწრაფოდ ვმუშაობთ სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. არავის სურს მეტი სისხლისღვრის ხილვა,“ - ნათქვამია პრემიერ რიში სუნაკის განცხადებაში.


შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ.


ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.

აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს.


საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში.

რანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.


„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.