პრეზიდენტი პრემიერის ინიციატივაზე: დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ საქართველო არ მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. მან ამის შესახებ ბერლინში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კანცლერის თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში.“


გერმანიის ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს. მისი განცხადებით, „საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.“


ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს.