ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა, დაბლოკილია.
ლაიენის თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება „დააზარალებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს.“
„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან (RND) ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს „მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის“ მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს.
„ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.