ისრაელზე ბოლო თავდასხმასთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ირანის ელჩები დაიბარეს. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი სეიედ მოჰამად ალი რობაჯაზი დაიბარეს სამინისტროში, სადაც მას განუცხადეს, რომ „ბელგიამ მკაცრად დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე.“
„ჩვენი ქვეყანა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგიონული ესკალაცია," - დასძინა სამინისტრომ. DW-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანის ელჩი დეპარტამენტში დაიბარეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბარა ირანის ელჩი.
„საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად სიტუაციის დეესკალაციისთვის მუშაობს და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს,“ დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას განიხილავს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჯოზეფ ბორელი.
„ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ... შეხვედრა", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და აღნიშნავს რომ „მიზანიამ წვლილი შეიტანონ რეგიონის დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში."
13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.