“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, დღეს ახალგაზრდების მომავალი წყდება და არ დაუშვებენ ევროპული განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობის დაკარგვას.
აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრეოქტების გაწვევა მოხდეს.
“ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, საქართველოს ევროპულ მომავალს გაუმარჯოს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ჩვენი წინაპრები ევროპისთვის მუდამ იბრძოდნენ. ეს აქცია არ იქნება ბოლო, გაგრძელდება აუცილებლად,” - აღნიშნავენ შეკრებილი მოქალაქეები.
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი „სკეიტ პარკში“ იყვნენ შეკრებილები. მათი გაცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ რუსეთის ინტერებს ემსახურება და ხელს უშლის ევროინტეგრაციას .
მანამდე აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადებები გააკეთეს, მოგვიანებით კი „ ქართული ოცნების“ ოფისთანაც გადაინაცვლეს.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
„არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით აქცია ოზურგეთშიც გაიმართა.
ჭადრების ბაღში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ასევე, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას შეუწყობს ხელს.
,,ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანას დააკარგვინოს ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, ახალგაზრდა დაკარგავს განათლების უფლებას, კარგ ჯანდაცვას, კარგ სასამართლოს და ქვეყანას ისევ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ კანონის მიღებას - კი ევროპას, არა რუსულ კანონს", - განაცხადა ოთო მღებრიშვილმა. აქცია სამოქალაქო მოძრაობა ‘’თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით გაიმართა.