საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტები, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტის" განხილვასთან დაკავშირებით, 15 აპრილსაც მოქმედებდა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტში 16 აპრილს საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული.