მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა გასცა. შესაბამის ინფორმაციას მოლდოვის გამოცემა NewsMaker საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მიიღოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიტიური გადაწყვეტილება PAS პარტიის დეპუტატების მოთხოვნას მოყვა, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი ჰქონდათ აღნიშნული.
თუ მოლდოვის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ქვეყნის კონსტიტუციაში რამდენიმე შესწორება იქნება შეტანილი. კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში მოლდოვის ევროპული იდენტობისა და ევროპული გზის უცვლელობის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება.
ასევე, კონსტიტუციაში ცალკე მუხლი გაჩნდება “ევროპული ინტეგრაცია.” მასში აღნიშნული იქნება, რომ მოლდოვა უერთდება ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებს და აქტებს, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებების გადახედვას ითვალისწინებენ.