ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.  კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 17 აპრილს, 12:00 საათზე დაუბრუნდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21:00 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).


ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

“კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა! შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა სააკაშვილის გათავისუფლებას აღარავინ აღარ ითხოვს. დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იგივე აზრზე იქნება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.