პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო

83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირბალობის“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.


მანამდე, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავდნენ, დღეს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.


უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ.

ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ ალტერნატიული ინიციატივებს კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს.“ „აგენტების კანონს“ რამდენიმე დღეა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ.