რატი ამაღლობელი ხელისუფლებას: გაიტანეთ უკან ეს კანონი და გააკეთეთ განცხადება დღესვე, ველოდებით პოლიტიკურ განცხადებას 1 საათის განმავლობაში

დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი - ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. როგორც აქციაზე განაცხადეს, ხელისუფლებისთვის მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ სამოქმედო გეგმა გამოცხადდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი. რატი ამაღლობელის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის ნება და მოიქცნენ ისე, როგორც 1 წლის წინ და კანონი კვლავ უნდა გაიწვიონ.


„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება.


ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში,” - განაცხადა რატი ამაღლობელმა აქციაზე.


შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.