„ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ, სადაც მოითხოვენ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის გაწვევას - კანონის, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები რუსულს უწოდებენ.


„დემონსტრანტები მსვლელობით გადაინაცვლებენ მთავრობის კანცელარიისკენ, რათა მოითხოვონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა. გეგმის შესახებ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ გამოაცხადა.


„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ რომ ახლა ჩვენთან ერთად შვიდობიანად შვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. უპირველეს ყოვლისა გვინდა გთხოვოთ, ხელისაწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, წარვუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას,“ - მიმართა მან აქციის მონაწილეებს და მოუწოდა, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას.

მანამდე, პარალმენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა მმართველ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის უკან გასაწვევად ვადა 22:30 საათამდე მისცა. ამის შესახებ სცენიდან აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა ისაუბრა.


პარალელურად, აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.


შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.