პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა.
დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, თუმცა დეტალები არ გასაჯაროებულა.
„მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას. ტრამპის კამპანიამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს დუდას წინადადება NATO-ს ქვეყნებისთვის, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე - პოზიცია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაასაჯაროვა გასულ თვეში Washington Post-ის სტატიაში. სტატიაში დუდა ამბობდა, რომ „რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები და აგრესიული რევიზიონიზმი უბიძგებს მოსკოვს NATO-სთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“ და რომ NATO მზად უნდა იყოს საფრთხესთან გასამკლავებლად.