საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
საფრანგეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი და ჩარევის ბრალდებები, რომელთა სამიზნეა ეს უკანასკნელი, მიუღებელია.
საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირდეს ყველა იმ ზომის დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ღრმა ერთგულება.
„საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ მომთხოვნ გზაზე,” - წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.